ვის სჭირდება პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება?
პროფესიული განათლების აღიარება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისა, რომ მიიღოთ ვიზა, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა, რომელმაც პროფესიული განათლება საზღვარგარეთ მიიღო. თქვენი პროფესიული განათლება შეესაბამება თუ არა გერმანულს, გადამოწმდება აღიარების პროცესში. აღიარება საჭიროა
· აკადემიური კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების შემთხვევაში მხოლოდ ,,რეგლამენტირებულ’’ პროფესიებში;
· პროფესიული განათლების მქონე პირების შემთხვევაში - ყოველთვის.
რა განსხვავებაა რეგლამენტირებულ და არარეგლამენტირებულ პროფესიებს შორის?
ის პროფესიები, რომლებსაც პროფესიული განათლება სჭირდება, ძირითადად არარეგლამენტირებულია. არარეგლამენტირებულია ასევე იმ პროფესიათა უმრავლესობა, რომლებსაც აკადემიური განათლება სჭირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ კვალიფიკაციის აღიარების შემდეგ შეგიძლიათ დასაქმდეთ გერმანიაში. ამგვარი რეგლამენტირებული პროფესიების მაგალითია სატრანსპორტო საშუალების ინჟინერ-მექანიკოსი, მენეჯერის ასისტენტი საოფისე საქმიანობაში და ა.შ. აკადემიური განათლების მქონე პირებისთვის არარეგლამენტირებული პროფესიის მაგალითია ქიმიკოსი, მათემატიკოსი და ა.შ.
რეგლამენტირებული პროფესიები არის სამართლებრივად დაცული:
1. პირველ რიგში მის განსახორციელებლად კონკრეტული პროფესიული კვალიფიკაციაა საჭირო, რომელიც გაწერილია სამართლებრივი ნორმებით;
2. მეორეც, ამგვარი პროფესიის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ.
იმ პროფესიებიდან, რომლებსაც პროფესიული განათლება სჭირდება, რეგლამენტირებულია
· ჯანდაცვის სფეროში არსებული პროფესიები, მაგ. ექთანი, მომვლელი, მეანი, ფიზიოთერაპევტი, უბედური შემთხვევების სანიტარი;
· განათლების სფეროში - მაგ. აღმზრდელი.
იმ პროფესიებიდან, რომლებსაც აკადემიური განათლება სჭირდება, რეგლამენტირებულია
· სამედიცინო და თერაპევტული საქმიანობა - ექიმი, ფარმაცევტი, ფსიქოთერაპევტი;
· ინჟინერი, არქიტექტორი, მასწავლებელი, სოც. პედაგოგი, ადვოკატი.
როგორ მიმდინარეობს აღიარების პროცედურა?
სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი
იმისთვის რომ კვალიფიკაციის შესაბამისობა დადგინდეს, აუცილებელია ამის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. თუ პირმა უცხოეთში გაიარა პროფესიული განათლება, რომელიც იმ სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული, აღიარების პროცედურისთვის საჭირო წინაპირობა დაკმაყოფილებულია. თუმცა, მხოლოდ პროფესიული განათლებისა და პროფესიული უნარიანობის დამადასტურებელი საბუთები არ ითვლება ,,შესაბამის სამუშაო გამოცდილებად’’ (განსაკუთრებით IT-სპეციალისტების შემთხვევაში). კვალიფიკაციის დასადგენად, ხშირად ტარდება დამატებით პროფესიული გასაუბრება ან ინიშნება გამოსაცდელი პერიოდი სამუშაოდ, სადაც განმცხადებელი გამოიცდება. ყოველივე ამას მივყავართ სრულ ან ნაწილობრივ აღიარებამდე. დოკუმენტების გარეშე აღიარების პროცედურა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს, მისგან დამოუკიდებლად (მაგ. გამოქცეულია ლტოლვილად ქვეყნიდან) არ შეუძლია დოკუმენტების წარდგენა.
შესაბამისი პროფესია
პროფესიებს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დასახელება აქვს და ეს დასახელებები ყოველთვის ერთნაირი არაა. პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებისთვის აუცილებელია, რომ გერმანიაშიც არსებობდეს პროფესია, რომელიც ახლოსაა იმ პროფესიასთან, რომელიც პირმა თავის ქვეყანაში შეისწავლა.
განაცხადის კომპეტენტურ ორგანოში გაკეთება
- განაცხადი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებაზე უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ დოკუმენტებს:
- განაცხადის ფორმა (დედანი);
- საიდენტიფიკაციო მოწმობა (პასპორტი);
- სივი მიღებული განათლებისა და სამუშაო გამოცდილების სრულყოფილად მითითებით. სივი უნდა იყოს გერმანულად!
- პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები, მისი შინაარსის მითითებით/პროფესიული გამოცდილების
- დამადასტურებელი დოკუმენტები
- განმარტება, რომ აქამდე არ შეგიტანიათ განაცხადი პროფესიული განათლების შესაბამისობის დადგენაზე.
- ამას გარდა, რეგლამენტირებულ პროფესიებში უნდა წარადგინოთ დოკუმენტები პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვაზე (მაგ. სამკურნალო სფეროში - საზღვარგარეთ მიღებული ლიცენზია).
ზემოაღნიშნული დოკუმენტების ასლები უნდა იყოს დამოწმებული და გადათარგმნილი. თუ რომელი ორგანოა კომპეტენტური თქვენი განაცხადის მისაღებად, უნდა შემოწმდეს კონკრეტულ ფედერალურ მიწაზე (სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე ამაზე პასუხისმგებელი ორგანო შეიძლება იყოს განსხვავებული).
უმეტესად კონკრეტული პროფესიის შესაბამისი პალატა არის აღიარებაზე პასუხისმგებელი:
ხელობასთან დაკავშირებულ პროფესიებზე აღიარებაზე პასუხისმგებელი ორგანოა რეგიონული სახელოსნო პალატა;
სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პროფესიებზე რეგიონული სოფლის მეურნეობის პალატა;
სხვა დანარჩენ სამეწარმეო პროფესიების შემთხვევაში პირმა უნდა მიმართოს შემდეგ ორგანოს: IHK FOSA (Foreign Skills Approval der Industrie- und Handelskammer).
ბევრ პროფესიას დამოუკიდებელი პალატა აქვს, მაგ. ფარმაცევტული პალატა, საექიმო პალატა, საადვოკატო პალატა.
სხვა პროფესიების შესაბამისობის დასადგენად (განსაკუთრებით პედაგოგიურ და ჯანდაცვის სფეროებში) ძირითადად ადგილობრივი მთავრობაა კომპეტენტური. გამონაკლისს წარმოადგენს არარეგლამენტირებული პროფესიები ბადენ-ვურთემბერგში, ქვედა საქსონიაში, ბერლინსა და ზაარლანდში. აქ შესაბამისობას ადგენს ZAB(Zentralstelle für ausländisches Bildungswesen ).
ამ პროცედურებში უკეთ გასარკვევად შეგიძლიათ ესტუმროთ ქვემოთ მოცემულ ლინკს: Anerkennungs-Finder
შესაბამისობის დადგენა
განაცხადის გაკეთების შემდეგ, კომპეტენტური ორგანო ადგენს, არის თუ არა უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია გერმანულის თანაბარი. ეს შემოწმება 3-4 თვეს გრძელდება. ყველაზე გვიან, ერთი თვის შემდეგ, აცნობებს პირს კომპეტენტური ორგანო, თუ განაცხადს რაიმე დოკუმენტი აკლია. თუ ყველა საჭირო დოკუმენტი ადგილზეა, იწყება სამთვიანი ვადის ათვლა, რომლის გაგრძელებაც მხოლოდ ერთხელ, 1 თვით შეიძლება. ამ წესიდან გამონაკლისია დაჩქარებული წარმოება, რომლის დროსაც 2 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს შესაბამისობის დადგენა.
როგორც წესი, ეს პროცესი ღირს 100-დან 600 ევრომდე (ფასი შეიძლება იყოს განსხვავებული, დამოკიდებულია პროცესის მოცულობაზე).
შესაბამისობის დადგენა ZAB -ში დაახლოებით 485 ევრო ღირს. ამას გარდა, თარგმნისა და დამოწმების ხარჯები ცალკეა. არსებობს სტიპენდიები, რომლებიც ამ ხარჯებს ფარავს.
შედეგები
დოკუმენტების დამუშავების შემდეგ კომპეტენტური ორგანო იღებს გადაწყვეტილებს. გადაწყვეტილება არის სამი სახის:
1. პროფესიული კვალიფიკაცია იქნა აღიარებული (მთლიანი შესაბამისობა) - გერმანულსა და წარმოშობის ქვეყნის პროფესიულ განათლებას შორის არ არის არსებითი განსხვავება.
2. პროფესიული კვალიფიკაცია ნაწილობრივ იქნა აღიარებული (ნაწილობრივი შესაბამისობა) - არსებობს არსებითი განსხვავებები გერმანულსა და წარმოშობის ქვეყანაში მიღებულ პროფესიულ განათლებას შორის. თუმცა, ეს განსხვავება შეიძლება შეივსოს სხვადასხვა საშუალებით. აქაც არის განსხვავება რეგლამენტირებულ და არარეგლამენტირებულ პროფესიებს შორის:
- არარეგლამენტირებული პროფესია: განმცხადებელს შეუძლია დამატებითი კვალიფიკაცია გაიაროს და 5 წლის განმავლობაში დააყენოს ,,თანმდევი’’ განაცხადი, რათა მიიღოს სრულყოფილი აღიარება.
- რეგლამენტირებული პროფესია:
კომპეტენტური ორგანო განუსაზღვრავს თუ რა საშუალებით უნდა აღმოიფხვრას დანაკლისი, მაგ. დამატებითი სწავლება ან/და პროფესიული გამოცდა. ამ საფეხურების წარმატებით გასვლის შემდეგ თავიდან უნდა გააკეთოს პირმა განაცხადი, რის შემდეგაც მიიღებს აღიარებას და შრომით ბაზარზე დაშვების ნებართვას.










